30 ოქტომბერს, RSM-ის მსოფლიო საერთაშორისო კონფერენციაზე ამსტერდამში, „კაპტო ჯგუფი“ (RSM-ის წევრი საქართველოში), დასახელდა ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად 109 % ზრდის მაჩვენებლით 10 მილიონამდე შემოსავლის მქონე კომპანიებს შორის. „კაპტო ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი კვინიკაძეს ჯილდოს სახით გადაეცა სპეციალური პრიზი. მსოფლიო კონფერენციას ესწრებოდნენ RSM-ის წევრი კომპანიების დელეგატები 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

„კაპტო ჯგუფი“, RSM-ის წევრი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2008 წელს. კომპანია აერთიანებს 100-მდე პროფესიონალს და წარმოდგენილია 6 ოფისით საქართველოს მასშტაბით. „კაპტო ჯგუფის“ მომსახურებათა ფართო სპექტრი მოიცავს აუდიტს, ფინანსური ანგარიშგების სერვისებს (IFRS), საბუღალტრო მომსახურებას, საკონსულტაციო მომსახურებას, მხარდაჭერას საგადასახადო დავებში, იურიდიულ მომსახურებას, შეფასებას და ტრანზაქციებთან დაკავშირებულ სერვისებს.

RSM-ი არის რეიტინგით რიგით მეშვიდე დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელური კომპანია მსოფლიოში, რომელიც წარმოდგენილია 700 ოფისით და 32 500-ზე მეტი პროფესიონალით 102 ქვეყანაში. RSM-ი, პირველი აუდიტორული კომპანიების ქსელია, რომელმაც ერთიანი აუდიტის მეთოდოლოგია ჯერ კიდევ 1993 წელს დანერგა. RSM-ის წევრობა გულისხმობს ფინანსური და აუდიტორული სერვისების უმაღლესი სტანდარტების დაცვას მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში იღებთ მის მომსახურებას.

„კაპტო ჯგუფი“ სწრაფად განვითარდა 5 წლის განმავლობაში და ერთ-ერთი წარმატებული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს წამყვან აუდიტორულ კომპანიებს შორის. თანამედროვე მიდგომები, სწრაფი რეაგირების უნარი, სერვისის ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა განაპირობებს „კაპტო ჯგუფის“ განვითარების სწრაფ ტემპებს.

ჯინ სტეფანსი, RSM-ის აღმასრულებელი დირექტორი: “კაპტო ჯგუფი” და პირადად მისი ხელმძღვანელი  გიორგი კვინიკაძე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ RSM-ის ქსელში. “კაპტო ჯგუფმა” დამსახურებულად მიიღო ეს ჯილდო და აღიარება დაუღალავი შრომისა და წარმატებული საქმიანობისათვის”.

გიორგი კვინიკაძე, „კაპტო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: „ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ამხელა წარმატება. მოხარული ვარ, რომ „კაპტო ჯგუფი“ დასახელდა ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად RSM-ის მსოფლიო ქსელში. „კაპტო ჯგუფის“ მაღალკვალიფიციური კადრები გლობალური ხედვით და ადგილობრივი პერსპექტივით, კლიენტებს მუდმივად სთავაზობენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რაც განაპირობებს ჩვენი კომპანიის სწრაფად ზრდას და წარმატებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს აღიარება ჩვენთვის კიდევ ერთი მოტივაციაა არ შევანელოთ ზრდის ტემპი და წარმატებით გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს“.