დღეს, 26 ოქტომბერს, RSM international-ი, რეიტინგით რიგით მეშვიდე გლობალური აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელური კომპანია, ახდენს რებრენდინგს და ერთიანდება RSM-ის ბრენდის ქვეშ, რის საფუძველზეც RSM International-ის წარმომადგენლობა საქართველოში, RSM Capto, იცვლის სახელწოდებას და ხდება RSM-ი. RSM Capto უერთდება გლობალური ქსელის რებრენდინგის პროცესს და მსოფლიოს 110 ქვეყნის წარმომადგენლობასთან ერთად ირგებს ახალ ვიზუალურ იდენტობას.

RSM Capto, ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანია საქართველოში,  რომელიც უკვე მე-4 წელია RSM international-ის წევრია, წარმოდგენილია 70 თანამშრომლით და 4 ოფისით მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი).

RSM-ის რებრენდინგი, რომლის შესახებაც 2015 წლის ივნისში გახდა ცნობილი, მიმართულია განამტკიცოს ქსელის გლობალური შესაძლებლობები აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზების კუთხით. მზარდი ფინანსური მაჩვენებლებით და სწრაფად განვითარებადი საერთაშორისო კლიენტების ბაზით გამყარებული RSM-ის ქსელის ახალი ბრენდის იდენტობა ეფუძნება კლიენტების საჭიროებების და მისწრაფებების სიღრმისეულ გააზრებას მათი თავდაჯერებული წინსვლისთვის.  

დამოუკიდებელი გლობალური კვლევის თანახმად, რის ფარგლებშიც განხორციელდა RSM-ის კლიენტების მასშტაბური გამოკითხვა, გამოიკვეთა, რომ, ქსელის სიძლიერე მისი კლიენტებისადმი კოლაბორაციული მიდგომა, მათი საჭიროებების სიღრმისეული ანალიზი და უფროსი კონსულტანტების მიერ გაზიარებული მიგნებების მაღალი ხარისხია. სწორედ ეს ფასეულობებია წარმოჩენილი ქსელის ახალ გლობალურ პოზიციონირებაში: ,,როდესაც შენი ზუსტად ესმით’’ (“The Power of Being Understood”.)

ჯინ სტეფენსი, RSM international-ის აღმასრულებელი დირექტორი: ,,ერთიანი ბრენდის ქვეშ გაერთიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს გრძელვადიან განვითარების სტრატეგიაში.  გლობალურ ეკონომიკაში, ჩვენი ახალი ბრენდის (RSM-ის) შეთავაზებები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება სამეწარმეო, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიების  ლიდერებისთვის,  რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ კონსულტანტებთან, ვისაც ზუსტად ესმით მათი  და ზრუნავენ მათ ბიზნესზე. ახალი ერთიანი ბრენდი ჩვენი პოტენციალის და ექსპერტიზის უკეთესად წარმოჩენის საშუალებას გვაძლევს და უზრუნველყოფს კიდევ უფრო გაუმჯობესებული და ერთგვაროვნად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს 110 ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველივე ეს კი, სარგებლის მომტანი იქნება როგორც ჩვენი კლიენტი კომპანიებისათვის, ასევე ჩვენი 37,500 პროფესიონალი თანამშრომლისთვის  გლობალურ ბაზარზე.’’

დღეს  RSM-ი იწყებს ახალ გლობალურ სარეკლამო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც  წარადგენს თავის ახალ ბრენდს  უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში  და, ასევე, ციფრული ფორმატით, გლობალურ ბიზნეს მედიაში. გარდა ამისა, RSM-მა გამოუშვა ახალი, ყოველწლიური გლობალური ანალიტიკური პუბლიკაცია - The Global Real Economy, რომელიც საშუალო ბიზნეს ლიდერებისთვის რელევანტურ საერთაშორისო საკითხების ანალიზს მოიცავს. RSM საქართველო, ისევე, როგორც RSM-ის სხვა წევრი კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იწყებენ ადგილობრივ საკომუნიკაციო კამპანიას, რაც RSM-ის ერთიანი გლობალური ბრენდის ცნობადობის ზრდაზე იქნება ორიენტირებული. RSM-ის მარკეტინგულ მხარდაჭერას საქართველოში უზრუნველყოფს „პროპაგანდა კონსალტინგი“, რომელიც ჩართული იყო გლობალურ რებრენდინგის პროცესშიც.

რებრენდინგი ემთხვევა RSM-ის მსოფლიო დღეს (RSM World Day 2015), რომელიც გლობალურ ქსელში 2012 წლიდან  ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც ერთიანი ქსელის საერთო ღირებულებების დღესასწაული. RSM საქართველო 2015 წლის მსოფლიო დღეს
და გლობალური ბრენდინგის დღესასწაულს თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს.

გიორგი კვინიკაძე, RSM საქართველოს დირექტორი: „კაპტო ჯგუფი 2008 წელს დაარსდა და სწრაფად განვითარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა კომპანიამ ერთ-ერთი წარმატებული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს წამყვან აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიებს შორის. ძლიერი სამეწარმეო სულისკვეთება, სწრაფი რეაგირების უნარი, ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობამ განაპირობა „კაპტო ჯგუფის“ განვითარების სწრაფი ტემპები. დღეს კი ის, როგორც RSM-ის სრულუფლებიანი წევრი, ერთიანდება ერთიანი ბრენდის, RSM-ის ქვეშ, რაც დარწმუნებული ვარ, რომ მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია. ერთიანი გლობალური ბრენდი დაგვეხმარება გავამყაროთ პოზიციები, როგორც ადგილობრივ ისე გლობალურ ბაზარზე და კიდევ უფრო უკეთესად წარმოვაჩინოთ ჩვენი გლობალური ქსელის განმასხვავებელი ფაქტორები.’’

RSM international-ი არის მსოფლიოში სიდიდით მეექვსე საგადასახადო მომსახურების მომწოდებელი  საერთაშორისო ქსელი, მეხუთე უდიდესი ფირმა - აშშ-ში და მესამე - ჩინეთში. 2014 წელს RSM international-ი მოხვდა ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური ქსელური კომპანიების ათეულში, შემოსავლების ყველაზე მაღალი, 18%-იანი ზრდის მაჩვენებლით.  დღეიდან, ქსელის ყველა წევრი კომპანია ფუნქციონირებას გააგრძელებს, როგორც - RSM-ი, თუმცა დარჩება დამოუკიდებელ იურიდიულ პირად.