გამოცემის თარიღი: 12 ივნისი, 2013

შ.პ.ს. „კაპტო ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2009 წლის ოქტომბერში. დღეისათვის ასოციაცია ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენთა გაერთიანებაა საქართველოში, რომლის წევრებს წარმოადგენენ მსხვილი და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციები. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს იმ საკითხებს, რაც წარმოადგენს წევრთა საერთო ინტერესებს და რაც რთული გადასაწყვეტია ცალკეული კომპანიის ძალებით. ასოციაციის წევრები მოიცავენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის: ადგილობრივი წარმოება, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, სატრანსპორტო, გადაზიდვები, საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოება, სამშენებლო, სამშენებლო მასალების წარმოება, მოპოვება-გადამუშავება და სხვა. დღევანდელი მონაცემებით, კერძო სექტორში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმებულთა რიცხვი მთლიანობაში 60,000-ს აღემატება.

საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, მიმზიდველი და მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ბიზნეს გარემოს წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია ურთიერთობები კერძო სექტორსა და სამთავრობო ორგანიზაცებს შორის, მათი შესაძლებლობებისა და საქმიანობის უფრო ეფექტური გამოყენებისათვის. მოწინავე ქვეყნების ეკონომიკა ფართოდ ეფუძნება ქვეყანაში წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციების არსებობას და მათ განვითარებაზე ზრუნვას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს კერძო სექტორში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდაში. დღეს ასეთი ურთიერთობები საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხედვაა, რომ  მისი განვითარება უნდა დაიწყოს ქართველ მეწარმეთა ინტერესების, გამოცდილებისა და პრობლემების პრიორიტეტული გათვალისწინებით.

ბიზნეს ასოციაციის ფასეულობები ეფუძნება ბიზნეს სექტორის, სამთავრობო და არასმათავრობო ორგანიზაციების ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს, რომელიც ობიექტურად დაიცავს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ ინტერესებს, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ინტერესების გათვალისწინებით და პატივისცემით. ბიზნეს სექტორისა და სამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობისას ვგულისხმობთ მხარეების უფრო აქტიურ ჩართულობას საქართველოს ბიზნეს გარემოში შესაძლო პრობლემების ზუსტი იდენთიფიკაციის და მათი ერთობლივი მოგვარების მიზნით, რომელიც პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე და კერძო სექტორში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე.